საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით, 23% სესხს ვერ იხდის – ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, 30 სექტემბრის მდგომარეობით 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 371 139 მსესხებელს, საქსტატის ბოლო მონაცემებით კი, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) რაოდენობა 1 629 500-ს შეადგენს. ამასთან, „კრედიტინფოს“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო სექტორის ვალი 1 965 617 ადამიანს აქვს, (მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506 – წყარო „საქსტატი“), ეს კი თითქმის ყოველი მეორე ადამიანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 823-ით, მიმდინარე წლის აგვისტოსთან შედარებით კი 1 968 მსესხებლით გაიზარდა. კერძოდ, „კრედიტინფოს“ 2025 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 171-ს შეადგენდა, 2024 წლის სექტემბერში კი ე.წ. შავ სიაში 365 316 პირი იყო.
ამასთან, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდის, 98 126 კომერციული ბანკების კლიენტია, 300 418 – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 5 017 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.
რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) – 1.214 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების – 1.582 მლრდ ლარს, სალიზინგოების – 34 მლნ ლარს. ჯამში, 30 დღიდან ვადაგადაცილება 2.831 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 4%-ია.
საერთო ჯამში, 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 965 617 მსესხებელს აქვს, ჯამში 71.035 მლრდ ლარის მოცულობის.
