საქართველოში ევროკავშირის პროექტის EU4IP შემფასებელი მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან

ევროკავშირის პროექტის EU4IP („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და ში“) შემფასებელი მისიის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იმყოფება პროექტის ხელმძღვანელი იბონ ორმაზაბალი. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მისიის მიზანია პირველი წლის სამუშაო გეგმის მოსამზადებლად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა და ტექნიკური დისკუსიების გამართვა.
„ვიზიტის ფარგლებში, „საქპატენტში“ მცხეთის სათავო ოფისში სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქპატენტის თავმჯდომარესთან და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან. ასევე, დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სავაჭრო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), ადვოკატთა ასოციაციის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, გენერალური პროკურატურის, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
მისიას წინ უძღოდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის ვიზიტი მოლდოვის დედაქალაქში, სადაც, ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი სამწლიანი პროექტის EUGIPP ფარგლებში მიღწეული წარმატებული შედეგების საფუძველზე, ახალი რეგიონული პროექტის EU4IP დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ევროა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ფუნდამენტური ინსტრუმენტის გამოყენებას ინოვაციებისათვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად. ეს თანამშრომლობა დაეხმარება სამივე კანდიდატ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელთან (EUIPN) მიერთებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ