საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულად 36 115 პირია რეგისტრირებული – ექსპერტები კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულად 36 115 ადამიანი არის რეგისტრირებული. მათგან 62 ადამიანი სიაში მოსამართლის გადაწყვეტილებით მოხვდა, ხოლო დანარჩენებმა შეზღუდვა საკუთარი ინიციატივით აირჩიეს.
ორგანიზაციაში „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიზანი მხოლოდ კანონის მიღება და „შავი სიის“ გაფართოება არ უნდა იყოს – აუცილებელია აღსრულების მექანიზმების ეფექტიანი მუშაობა.
მათვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით არასრულწლოვნებისთვის აზარტული თამაში აკრძალულია, მათი ჩართულობა მაინც ფიქსირდება. სახელმწიფოს მხრიდან კი არ აკონკრეტდება, რამდენი არასრულწლოვანია შესული სპეციალურ ბაზაში.
“დღეს კოლოსალურია ჩენს ქვეყანაში ბრუნვა. 77 მლრდ ლარს უტოლდება ჩვენთან სათამაშო ბიზნესის ბრუნვა და ეს არის წარმოუდგენელი. 3 მილიონ ნახევარ ადამიანზე რომ 77 მლრდი გავყოთ, თითოეულს გამოსდის მილიონობით თანხა დადებული – პატარასაც, დიდსაც, გარდაცვლილსაც და ცოცხალსაც. ამიტომ ჩვენ გვაქვს ასეთი მოთხოვნა: ვითხოვთ სტატისტიკის დეპარტამენტისგან, ასევე შემოსავლების სამსახურისგან, გაიფილტროს, მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია – საქართველოს რამდენი მოქალაქე თამაშობს, რამდენია უცხოელი მოქალაქის დადებული ფსონი, რამდენია წაგებული, რამდენია გაცემული… ფაქტობრივად, ჩენ ამ წუთში გვაქვს საბრძოლველი კანონის აღსრულების მექანიზმის გამჭვირვალობისთვის. თუ ეს არ მოხდა, ჩათვალეთ, რომ ფურცელზე დაწერილია – ფარატინა ფურცელია, მეტი არაფერი. გვინდა სათამაშო ბიზნესი გვქონდეს? ფისკალური ეფექტისთვის, ჩენი ბიუჯეტისთვის, თუმცაღა აუცილებელია, რომ აქეთ, მეორე ხელით, რომ არ გვყავდეს ისეთი ლობისტები პარლამენტში და მთავრობაში, როგორებიც გვყვანან. რა დასამალია? 777 ისკოდასენის მფლობელობაშია, სათამაშო ბიზნესის 20% ბატონი გომელაური აკონტროლებდა. ასე რომ, თუკი ადმაიანების ინტერესი ამ სფეროში იქნა პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩათვალეთ, რომ ეს არ მოგვარდება,” – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
tvpirveli.ge