საქართველოს ხელოვანები აკრედიტაციის კომისიას მიმართავენ: გამოავლინეთ ერთადერთი, ღირსეული გამარჯვებული ასოციაცია – IPOA
ჩვენ, დღეს მოქმედი სამივე საავტორო ასოციაციის წევრებმა – საქართველოს ხელოვანთა სახელით გადავწყვიტეთ აღნიშნული ბრიფინგის ჩატარება იმისთვის, რომ აკრედიტაციის კომისიას მივმართოთ საჯაროდ, რადგან ძალიან მალე უნდა გახდეს ცნობილი რომელი ასოციაცია მიიღებს აკრედიტაციას.
ბოლო კვირებია, გიგა კობალაძე, კანონის და საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევით ცდილობს შექმნას ასოციაციის საერთო კრების ჩატარების იმიტაცია. მას დიდი ხანია ნდობა აღარ აქვს GCA-ის წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობაში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ათასი სიცრუით ცდილობს არ დაუშვას კრებაზე ოპონენტი ხელოვანები და კამერულ ვითარებაში, მხოლოდ მისთვის სანდო, თითზე ჩამოსათვლელი ავტორების შინაურულ თავყრილობას დაარქვას კრება. ეს ე.წ. „კრების“ გადაწყვეტილება კი, სურს შეაჩეჩოს საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის, რასაც, რასაკვირველია, რეესტრი არ იზიარებს და ასეთი იმიტაციური კრებების ლეგიტიმაციას არ ცნობს.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ აუდიტის დასკვნასაც, რომლის მიხედვითაც GCA-ში მოპარული და გაფლანგულია ჩვენი ფული და მის მიმართ ნდობაზე საუბარი ზედმეტია. სწორედ ის მუშაობდა ამდენი წლის განმავლობაში რუსული მეთოდებით და კორუფციის სქემაც რუსულ ნარატივზე ჰქონდა აგებული. ამიტომ, პროკურატურისგან ვითხოვთ დროულად გამოიძიონ ის საქმე, რომელიც უკვე წარმოებაშია და ჩვენ, ავტორებს დაგვანახვონ, რომ სამართალი ამ ქვეყანაში იმარჯვებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ბუნებრივია რომ GCA-ი ვერ მიიღებს აკრედიტაციას და კობალაძე ცდილობს მეორე, თავისივე დაფუძნებილი ასოციაციით შეძლოს აკრედიტაციის მიღება.
სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა GNRA-ისა და GCA-ის ურთიერთკავშირზე, როგორც ასოციაციის დამფუძნებლები მოგვითხრობენ სწორედ კობალაძის ინიციატივით შეიქმნა მომიჯნავე უფლებათა ასოციაცია.
ამგვარად,
1)ჩვენ არ და ვერ შევიყვანთ საზოგადოებას, პირველ რიგში კი, ჩვენს კოლეგებს შეცდომაში – ეს ორივე ასოციაცია არის ერთი ქოლგის – გიგა კობალაძის მმართველობის ქვეშ.
2)ჩვენ არ გვსურს რაიმე კავშირი ისეთ ასოციაციებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ფულით ცხოვრობდნენ და გვაყენებდნენ როგორც მატერიალურ ისე მორალურ ზიანს.
3)ვფიქრობთ, რომ დაუშვებელია ავტორი და შემსრულებელი იყოს სხვადასხვა ასოციაციაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ხელოვანთა უმრავლესობა ავტორიცაა და შემსრულებელიც. გარდა, ამისა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი ან თუნდაც, ორი ასოციაცია შევინახოთ. ის მესიჯი, რასაც GNRA-ის თავმჯდომარე ბოლო დღეებია ავრცელებს, რომ ვითომ ევროპაში ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან გამიჯნულია – არის სრული ტყუილი და ემსახურება იმას, რომ კობალაძემ მომიჯნავე უფლებების ასოციაციით მაინც აიღოს აკრედიტაცია. ჩვენ გვსურს გავყვეთ ევროპულ მოდელს: ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას, სადაც მომიჯნავე და საავტორო უფლებებს განკარგავს მხოლოდ ერთი ასოციაცია.
4)ჩვენ არ და ვერ დავუშვებთ, რომ აკრედიტაციის პროცესს ვინმემ რაიმე გზით ხელი შეუშალოს ან მოტყუებით სცადოს ერთი დამნაშავე ასოციაცია – GCA – მეორე ცრუმაგიერი ასოციაცია GNRA-ითი ჩაანაცვლოს.
ამიტომ, სამივე ასოციაციის, GCA-ის, GNRA-ისა და GERA-ს სახელით, მივმართავთ აკრედიტაციის კომისიას:
გთხოვთ, ჩვენს მიერ დასახელებული ყველა ფაქტი გაითვალისწინოთ, გაიაზროთ ამ სფეროს გადარჩენის მნიშვნელობა და აკრედიტაციის პროცესში გამოავლინეთ ერთადერთი ღირსეული გამარჯვებული, რომელიც ამ უთანასწორო ბრძოლაშიც კი, სამართლიანად იბრძვის მიუხედავად კობალაძის მხრიდან არაერთი ტალახის სროლისა და კანონდარღვევისა.
ჩვენ, საქართველოს ავტორ-შემსრულებლები მივმართავთ აკრედიტაციის კომისიას, რომ გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა. IPOA, არის ერთადერთი ღირსეული კანდიდატი აღნიშნულ კონკურსში, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით. ასოციაციის წესდება და მართვის სისტემა არის საქართველოს კანონისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი. გვყავს ამ სფეროში უდიდესი გამოცდილების მქონე ევროპელი დირექტორი და სწორედ ის იქნება გარანტი ჩვენს ასოციაციაში თანამედროვე, დასავლური სტანდარტების მქონე მეთოდოლოგიის დანერგვის და ჩვენი სფეროს განვითარების, როგორც საქართველოში ისე, საერთაშორისო ბაზარზე.
ეჭვი არ გვეპარება, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, ობიექტური და სულ მალე ვიზეიმებთ ჩვენს – საქართველოს ხელოვანთა გამარჯვებას.
უსამართლობა უნდა დასრულდეს.
ჩვენი საქმიანობა კი დაფასდეს.