საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ევროპის იმუნიზაციის კვირეულს უერთდება

21-27 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იმუნიზაციის კვირეულში ჩაერთო.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინფორმაციით, კვირეულის მიზანი ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა დაავადებათა გავრცელების პრევენციაზე, რასაც რუტინული იმუნიზაცია განაპირობებს.
„ევროპის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქვეყნის მასშტაბით, 15 ფილიალში ორგანიზაციის მოხალისეებისთვის საინფორმაციო სესიები გამართა; მოხალისეებს იმუნიზაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასალა მიაწოდა, რაც მათ შემდგომში ადგილობრივ თემებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და ვაქცინაციაზე დამკვიდრებულ მცდარ წარმოდგენებთან გამკლავებაში დაეხმარებათ.
საინფორმაციო სესიების გარდა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ რეგიონებსა და დედაქალაქში იმუნიზაციის შესახებ საინფორმაციო მასალები გაავრცელა. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ბროშურების საზოგადოებაში დარიგება მოსახლეობისთვის ვაქცინაციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კვირეულის ფარგლებში, საქართველოს წითელმა ჯვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ემსახურებოდა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით თანამშრომლობის განხილვას. შეხვედრის ფარგლებში, შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციები ერთობლივად განახორციელებენ.
„მოხარულები ვართ, რომ ვმონაწილეობთ 2024 წლის იმუნიზაციის ევროპულ კვირეულში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაცია, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფუნდამენტია.
პარტნიორებთან თანამშრომლობითა და საზოგადოების ჩართულობით, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ ვაქცინა, როგორც დაავადებათა პრევენციისა და სიცოცხლის გადარჩენის მთავარი საშუალება, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინიციატივა პროექტის – „ეპიდემიების მიმართ მზაობა და კოვიდ-19-ზე რეაგირება სომხეთსა და საქართველოში’’ – ფარგლებში გაიმართა.
პროექტი ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 501 105