„საქართველოს ფოსტამ“ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოაწყო

„საქართველოს ფოსტამ“, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო.
„საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, საქართველოს ფოსტის ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.