საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CERN-ის მეცნიერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი საჯარო ლექციით წარსდგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილი ფიზიკოსი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – True Measurements… False Discoveries („უტყუარი გაზომვები… ცრუ აღმოჩენები“) წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, CERN-ის მეცნიერის საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, რექტორის მრჩეველი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, ასევე, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერ-თანამშრომლები.
„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, დოქტორი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი, რომელიც ამჟამად CERN/CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი და CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონია, მრავალი წელია ბირთვული და ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი კვლევებითაა დაკავებული. მისი განცხადებით, ტიციანო კამპორეზი არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია, არამედ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ცნობილ ქართველ, ევროპელ, აზიელ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს არჩეული წევრია. თამარ ლომინაძის თქმით: „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა CERN-LHC ჯგუფი და ახალგაზრდა მკვლევრები, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით, არაერთი წელია ეფექტურად მუშაობენ CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორიცაა მიონური სპექტრომეტრის (RPC) დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი (HCAL), აქტიურად არიან ჩართული სუბდეტექტორებში მიმდინარე საკვანძო ამოცანებში. გარდა ამისა, მონაწილეობენ, როგორც ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფის CMSSW პლატფორმის ოპტიმიზაციასა და ანალიზში, ასევე, CMS ექსპერიმენტის GEANT4-ს გეომეტრიულ ანალიზში“.
სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ზვიად წამალაიძის განცხადებით, საჯარო ლექცია, რომელშიც მაღალი ენერგიის ფიზიკისა და CERN/CMS ექსპერიმენტის მიმართულებით, თავმოყრილია პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და CERN-ის მეცნიერთა მრავალწლიანი გამოცდილება თუ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დაკვირვებები, მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.
ტიციანო კამპორეზის განცხადებით, მაღალი ენერგიის ფიზიკის (HEP) მეცნიერთა მიერ შემუშავებულია სტრატეგია ახალი ფენომენის აღმოჩენისა და მისი გასაჯაროების კრიტერიუმების შესახებ.
„თუ გადავხედავთ HEP-ის ისტორიას, დავინახავთ, როგორია შეცდომების დაშვების ალბათობა და როგორია მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები. სამყაროსა და მისი ქცევების გაგება მუდმივად მოითხოვს გაუმჯობესებული, გაცილებით სრულყოფილი ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების შექმნას, რომლებსაც უდიდესი ფუნქცია ეკისრებათ კოლაიდერებზე მიმდინარე ექსპერიმენტებში. თანამედროვე კვლევებში გამოყენებული ინსტრუმენტების სირთულე, მათი ზედმიწევნით დახვეწილობა, გაზომვების უდიდესი სიზუსტე მოითხოვს უაღრესად მკაცრ და ზუსტ მიდგომებს, რათა სამეცნიერო კვლევების შედეგებმა მოლოდინი მაქსიმალურად გაამართლოს. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, რომლებიც CERN-ის კოლაბორაციების წევრები ვართ, შევიმუშავეთ ერთგვარი სიღმისეული მიდგომა – სტრატეგია ახალი ფენომენების აღმოჩენასთან დაკავშირებით. შევეცდები, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კრიტერიუმების შესახებ, რომლებსაც ვიყენებთ „აღმოჩენის“ მანიფესტირებისთვის, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან წარსულის შეცდომები. ჩემი საჯარო ლექცია სწორედ აღნიშნულის გაზიარების მცდელობაა“, – აღნიშნა ტიციანო კამპორეზიმ.
საჯარო ლექციაზე CERN-ის მეცნიერმა სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გაუზიარა მაგალითები HEP-ის ისტორიიდან, ესაუბრა მნიშვნელოვანი აღმოჩენების, მონაცემების ალბათობის, „5 სიგმის“ კრიტერიუმისა და მისი თანამედროვე გამოყენების, სისტემური შეცდომების, გარკვეული მოდელების არაადეკვატურობის, მეცნიერებაში ქვეცნობიერი „მოლოდინის“, თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთკვეთის, ჯერ კიდევ უპასუხოდ დარჩენილი გლობალური შეკითხვებისა და მომავალი სამეცნიერო გეგმების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დიალოგები, რომელშიც მონაწილეობდნენ სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ინსტიტუტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ