საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ფორუმს, რომელიც „საქართველო – I2Q – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით”, ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ: მილანის უნივერსიტეტის პროფესორები: ანა გიორგი, სტეფანო კორსი, მატეო ვიზზარი, სილვანა მატელიო. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანი
რეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, აკადემიკოსი კობა არაბული და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.
ფორუმი, რომლის თემატიკაა მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (GOLD STANDARD FOR THE GLOBAL GOALS), მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.
„მესამე ათასწლეულის გამოწვევების ფონზე, როცა გლობალური კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი რესურსების ამოწურვა ჩვენგან ახალ ხედვებსა და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს, გამორჩეულად მნიშვნელოვანია ისეთი სამეცნიერო პლატფორმების შექმნა და მხარდაჭერა, როგორიცაა დღევანდელი ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ფორუმის ჩატარება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. იგი ხაზს უსვამს ჩვენს უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე იმ ღრმა პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საგანმანათლებლო და კვლევითი კომპონენტების გლობალურ განვითარების დღის წესრიგთან ინტეგრაციას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წვლილი ფორუმის ორგანიზებასა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაკულტეტი ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და პრაქტიკა პასუხობს ქვეყნისა და მთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებებს. ფორუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის რათა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი რესურსების მართვა, ეკოსისტემების დაცვა, კლიმატური ადაპტაცია და განათლების როლი ამ პროცესებში. მადლობას მოვახსენებ თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს – თქვენი წვლილი გადამწყვეტია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმი რამდენიმე სექციად ჩატარდა და მასზე წარდგენილი იყო 40-ზე მეტი ნაშრომი.
