საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ – STAR“ ნახევარფინალი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის – „სტუ – STAR“ – ნახევარფინალური ტური გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, „სტუ – STAR“-ის ნახევარფინალური ტურის გახსნის ღონისძიებაზე სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიმართა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტებს „სტუ – STAR“-ის საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნება მიულოცა.
„განახლებული „სტუ – STAR“ ახალი სახეებით, იდეებითა და მრავალფეროვნებით დაუბრუნდა საუნივერსიტეტო სივრცეს, გილოცავთ! ეს შესანიშნავი კონკურსი რამდენიმე წელი ობიექტური მიზეზებით იყო შეჩერებული. „შენი ხმა შენი შანსია, გახდი სტუდენტური ვარსკვლავი!“, – თქვენი წარმატება კონკურსის ამ სლოგანით იწყება და გრძელდება სცენაზე, სადაც გამოდიოდნენ ქართული ესტრადისა და საშემსრულებლო ხელოვნების ლეგენდები, როგორებიც არიან: გიული ჩოხელი, ოთარ ბზვანელი, სულიკო კოროშინაძე, გურამ ბაკურაძე, გია ჭირაქაძე, პაატა ბურჭულაძე, გია-ჯარჯი ასათიანი, თემურ თათარაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ბერიძე, გია მაჭარაშვილი, ასევე, ჯგუფები „ცისფერი ტრიო“, „ურსა“, „მგზავრები“ და სხვა. საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ორკესტრმა და ვაჟთა კვარტეტმა; ათეული წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული იყო. დღესაც, მრავალმხრივ წარმატებულია საუნივერსიტეტო ორკესტრი, ვაჟთა კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტური ბენდები. იმედი მაქვს, ძირითადი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლის პარალელურად, სცენაზეც ასახელებთ მშობლიურ უნივერსიტეტს, წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
პროექტი – „სტუ – STAR“, სამი ეტაპისგან და ორი ტურისგან შედგება. შერჩევით ტურში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოცდაათამდე სტუდენტმა გამოხატა. პირველი ტურის გამარჯვებულები და ნახევარფინალისტები გახდნენ: ნუცა ხუჯაძე – საინჟინრო ეკონომიკა, მედიატექნოლოგიები და სოციალური მეცნიერებები; გვანცა გიგაშვილი, ⁠ელენე ფარტენაძე, ⁠მარიამ ქსოვრელი და ⁠ანა გიგაშვილი – სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერია; თამარ ტარუღიშვილი – სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები; ანამარია მუსელიანი – ინფორმატიკა და მართვის სისტემები; ⁠საბა-გიორგი გახარია – სამთო-გეოლოგიური; გიორგი ჟღენტი – აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი; დეა ფაჩულია – სამშენებლო.
ნახევარფინალში ჟიურიმ – დავით ოქიტაშვილის (სტუ-ის რექტორის მრჩეველი), ქეთევან ოძელაშვილის (მუსიკოსი), ნუცა ჯანელიძის (მუსიკოსი), ნიკოლოზ ჩხარტიშვილის (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) და ლიანა თარგამაძის (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი) შემადგენლობით – გამოავლინა კონკურსის 5 ფინალისტი: ანა გიგაშვილი, ⁠ნუცა ხუჯაძე, ⁠გვანცა გიგაშვილი, დეა ფაჩულია და ანამარია მუსელიანი.
სტუ-ის ინფორმაციით, „სტუ – STAR“-ის ფინალი 2025 წლის იანვარში გაიმართება. „სტუ – STAR“-ი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული პროექტია, რომლის მიზანი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ სტუდენტთა შორის საუკეთესო ვოკალური მონაცემების მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მათთვის დიდი სცენისკენ გზის გაკვალვაა.