საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში “ფაკულტეტის დღე” რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით 2023 წელს დაწესდა, რომელსაც უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი აღნიშნავს. წელს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღე მეორედ აღინიშნა.
ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი), პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, ვიცე-რექტორი პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, საუნივერსიტეტო საზოგადოება, კურსდამთავრებულები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, გახსნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა. პროფესორმა თალიკო ჟვანიამ ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.
„წელს მეორედ აღვნიშნავთ “ფაკულტეტის დღეს”. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის შესანიშნავი ინიციატივა, რომელიც საშუალებას გვაძლევს კოლეგებს, სტუმრებს, სტუდენტებს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენს მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიზანს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, -ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან, ხოლო სტუდენტები არაერთი პროექტის გამარჯვებულები არიან. ერთი წლის განმავლობაში ფაკულტეტის მეცნიერებმა ოთხი საერთაშორისო გრანტი მოიგეს. მადლობა მინდა გადავუხადო რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში თამარ ლომინაძეს, მხარდაჭერისთვის. მადლობა სტუმრებს დაფასებისათვის და სტუდენტებს, რომელთა თითოელი წარმატებული ნაბიჯი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სახლის ცნობადობის ამაღლებას ემსახურება“, – განაცხადა დეკანმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-ტექნიკური და შემოქმედებითი მიღწევების გამოფენა-დათვალიერება გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სამეცნიერო, საინჟინრო, ტექნოლოგიური მიღწევები, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა თვითშემოქმედება.
როგორც სტუ-ის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემები ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ შეისწავლონ ტექნოლოგიის უახლესი მიღწევები, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, 1953 წელს, პროფესორ ნიკოლოზ გაბაშვილის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში გაიხსნა ახალი კათედრა – „საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია” და უკვე 71 წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია.
“დღეს, თანამედროვე პროგრესის ეპოქაში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემებს წამყვანი ადგილი უკავია. უკვე 71 წელია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ფლაგმანია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით. მეამაყება თითოეული სტუდენტი, თითოეული მეცნიერი, რომლებმაც საქართველო მსოფლიოს გააცნეს. ფაკულტეტზე მოქმედებს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, საუნივერსიტეტო საინჟინრო ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორია, ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრი, სადაც ტარდება პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ ფაკულტეტის კიდევ მეტად განსავითარებლად. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს. და, ბოლოს აღვნიშნავ – დღეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მოღვაწეობს ადამიანი, რომელმაც ძნელბედობის ჟამს დიდი შრომა ჩადო კოლეგებისა და სწავლა-სწავლების პროცესის გადასარჩენად. მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო ბატონ ალიკო ცინცაძეს მამულიშვილური საქმიანობისთვის და ფაკულტეტს ვთხოვო აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს ბატონი ალიკოს კანდიდატურა უნივერსიტეტის ოქროს მედლის ნომინაციაზე “, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა პროფესორი დავით ნატროშვილი, ხოლო საპატიო დიპლომები და მადლობის სიგელები გადასცა პროფესორებს – დავით სონღულაშვილს და თეიმურაზ ჩიჩუას. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, წარმატებულ სტუდენტ სპორტსმენებს, სტუდენტური პროექტების ავტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მადლობის სიგელები გადასცა. მათ შორის: STEM მიმართულების პოპულარიზაციისთვის – დოქტორანტებს: მარეხ მაზანაშვილს და ტოლია კილასონიას; ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისათვის – პროფესორებს: მზია კიკნაძეს, ზურაბ ბოსიკაშვილს და ალექსანდრე შარმაზანაშვილს; ახალგაზრდა მეცნიერებს – ბექნუ ფარჯიანს და თორნიკე ცერცვაძეს; სტუდენტური პროექტების მენტორს, გოჩა ზედგინიძეს; პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადის გუნდის მომზადებისთვის – დოქტორანტ თორნიკე ჯაფარიძეს; საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის – სტუდენტ მიქაელ მალანიას; საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის – სტუდენტებს: ნოდარ და გიორგი ალექსაშვილებს, შალვა დავითაშვილს, ლუკა იაკობაძეს; “Codehide ჰაკათონი 2024”-ის ორგანიზებისა და მხარდაჭრისთვის – მირანდა ღვალაძეს, ნიკა კაკურიძეს და ეკა პაპავას; “Codehide ჰაკათონი 2024”-ის გრანპრის მფლობელ გუნდს – CodeDiff -ის წევრებს: შაკო ბაიდოშვილს, ალი რაჰიმს და ნიკა ეჯიბიას; პირველ ადგილზე გასულ გუნდ Data Stars-ის წევრებს: დავით ტაკიძეს და თამარ ხოჭოლავას; მე-2 ადგილზე გასულ ჯგუფ GrownOuts-ის წევრს, თორნიკე თაბაგარს; ასევე, მსოფლიო ჩემპიონს მკლავჭიდში, ლუკა ცინაძეს, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონს ძიუდოში, ზაურ დვალაშვილს და უნივერსიტეტის მაგიდის ჩოგბურთის გამარჯვებულს, მარიამ მიქიაშვილს; „ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალიის – ბაკურიანი 2025“ – IT სამსახურის უფროსს, ზურაბ ტუსკიას; ბიოსამედცინო ინჟნერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებლებს: ლევან ლაზარაშვილს, ზურან ათოშვილს, ანდრო ათოშვილს, მამუკა ლოლაძეს და დავით აბდუშელიშვილს და სხვა.
ღონისძიების დასასრულს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა ფაკულტეტის სახელით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს სამახსოვრო საჩუქარი – სტუდენტების მიერ დამზადებული უნივერსიტეტის ელექტრონული ლოგო გადასცა.