საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წეროვანის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საშობაოდ, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის წარმომადგენლებმა და ორგანიზაციამ „TM Royal Group”, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჰუმანიტარული აქცია გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ, დეკანის მოადგილემ პროფესორმა ნონა ოთხოზორიამ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა თინათინ კაიშაურმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა დავით კაპანაძემ, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ და „TM Royal Group”-ის ხელმძღვანელმა თეა მაჭარაშვილმა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტები და ტანსაცმელი გადასცეს.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიებათა ციკლი, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით რამდენიმე წელია ხორციელდება და უკვე ტრადიციად იქცა. პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი ცნობიერების გაძლიერებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საკუთარ მისიად მხოლოდ მაღალკვალიფიციური საინჟინრო თუ ჰუმანიტარული მიმართულების კადრების აღზრდას არ განიხილავს. ჩვენი პასუხისმგებლობა გაცილებით ფართოა და მოიცავს საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და ჰუმანურ ვალდებულებებსაც. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ წეროვანის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული საქველმოქმედო აქცია, რომელიც წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული როგორც აკადემიური პერსონალი, ისე სტუდენტები. ეს ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოციალური სოლიდარობის, თანაგრძნობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. წელს პირველად, ფაკულტეტთან ერთად საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო „TM Royal Group”-ი და მისი ხელმძღვანელი თეა მაჭარაშვილი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ. ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავს ინიციატივებში და გააგრძელებს თანამშრომლობას უნივერსიტეტის სტრუქტურებთან თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში წვლილი შევიტანოთ სოციალური თანასწორობისა და ჰუმანური ღირებულებების განმტკიცებაში“, – აცხადებს თალიკო ჟვანია.
სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დეკემბერ-იანვრის თვეში, წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მოხუცთა და უძლურთა სახლისა და მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე წეროვანში მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადაეცათ. პროფესორ ნაზი კუციავას თქმით, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, „ქალთა ასოციაციასთან“ ერთად, საქველმოქმედო აქციებს პერმანენტულად ატარებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობის, თანასწორობისა და ჰუმანური ღირებულებების მხარდაჭერა და გაძლიერება. წეროვანის დევნილთა დასახლებაში განხორციელებული საშობაო-საქველმოქმედო ღონისძიება სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აკადემიური სივრცე აქტიურადაა ჩართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების გადაჭრაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ინიციატივებში ერთიანდება უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ კონკრეტულ დახმარებას უზრუნველყოფს, არამედ სოციალური სოლიდარობის, ადამიანური თანაგრძნობისა და აქტიური მოქალაქეობის მაგალითს ქმნის. დევნილთა ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი ასოციაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის უკავშირდება როგორც სოციალური სამართლიანობის, ისე ადამიანის ღირსების დაცვას. მსგავსი აქციები, თუნდაც მცირე მასშტაბის, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც დახმარების მიმღებებზე, ასევე თავად მონაწილეებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას სოციალურ პროექტებში და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ჰუმანური და ინკლუზიური გარემოს განვითარებას“, – აცხადებს ნაზი კუციავა.
როგორც თეა მაჭარაშვილი აცხადებს, „TM Royal Group“-ი სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს საკუთარ საქმიანობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად მიიჩნევს. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე, ორგანიზაციისთვის განსაკუთრებული პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და მონაწილეობა იმ ინიციატივებში, რომლებიც საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას ემსახურება.
„წეროვანის დევნილთა დასახლებაში ჩატარებული საქველმოქმედო აქცია ნათლად აჩვენებს რამდენად შედეგის მომტანი შეიძლება იყოს აკადემიური და კერძო სექტორის თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაჭრის პროცესში. მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა არა მხოლოდ კონკრეტულ ოჯახებს უწევს დახმარებას, არამედ საზოგადოებაში სოლიდარობის, ურთიერთთანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის კულტურას ამკვიდრებს. ჩვენი აზრით, განათლებასა და სოციალურ აქტივობაზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის მდგრად შედეგებს და რეალურ ცვლილებებს საზოგადოებაში, ამიტომ „TM Royal Group“-ი მომავალშიც მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს ჰუმანიტარულ ინიციატივებს და გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, – აცხადებს თეა მაჭარაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტი რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.