საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, კინემატოგრაფის ჭეშმარიტი ადეპტის, გენიალური ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„აღარ არის ლეგენდარული ოთარ იოსელიანი, მსოფლიო ბრენდის – „ქართული კინოს“ სახელოვანი თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა მნათობი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორი, კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი ადეპტი, მსოფლიო აღიარების მქონე შემოქმედი, ბერლინის, კანის, ვენეციის კინოფესტივალების სხვადასხვა პრიზის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, რომელმაც კინოსაგანძურში 22 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი დაგვიტოვა, მათ შორის: საქართველოში გადაღებული „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, საფრანგეთში გადაღებული „მთვარის ფავორიტები“, „და იქმნა ნათელი“, „პეპლებზე ნადირობა“, რომლებშიც მთელი სიცხადით იგრძნობა ქართული კავშირები. მისი შემოქმედება მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ნუსხაშია შეტანილი. დაუვიწყარია მისი გენიალური ფილმები, რომლებსაც ოთარ იოსელიანი იდუმალებით, ჩვეული მშვიდი გულწრფელობითა და მათემატიკური სიზუსტით აგებდა, უჩვენებდა ისეთ რეალობას, რომელიც ხშირად, იმ დროისთვის, მიუღებელი იყო. ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და თანამშრომლების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კოლეგებს და საზოგადოებას“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.