საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ასევე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO 2024) – გამარჯვებულ მოსწავლეთა გუნდებს მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავენ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის“ გრან-პრისა და 10 000 ლარის მფლობელი გახდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე შექმნილი მოსწავლეთა ერთ-ერთი გუნდი, რომლის შემადგენლობაში არიან გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე, პროექტით – „ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა“, ხოლო I ადგილი და 5000 ლარი მოიპოვა ამავე ცენტრის მეორე გუნდის პროექტმა – „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“, ზვიად ფრუიძის, ლუკა ფორჩხიძის, ელენე ქაჩიბაიას, ლუკა წოწორიას და ანა სალდაძის ავტორობით.
როგორც სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრი, დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებით გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში მრავალი წელია მონაწილეობს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოზარდ თაობაში შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა. უნივერსიტეტში მრავალი წელია მოქმდებს ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრი, რომლის მოსწავლეთა გუნდებისთვის უკვე ტრადიციად იქცა „ლეონარდო და ვინჩის” კონკურსში გამარჯვების მოპოვება. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ახალგაზრდებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. კონკურსში გამარჯვებას ასევე, ვულოცავთ ბათუმის N6, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის N41 და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლებსა და მათ მოსწავლეებს”, – აცხადებს თამარ წერეთელი.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, თალიკო ჟვანიას თქმით, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრი საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა მიმართულებითაა ჩართული.
„ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღებას, შესაბამისად – თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების აღზრდას. გარდა ამისა, უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის ახორციელებს არაერთ წარმატებულ პროექტს, რომელთა შორის ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრის საქმიანობას გამოვყოფ. წლების განმავლობაში, დავით სონღულაშვილის, თეიმურაზ ჩიჩუასა და ჩვენს მეცნიერთა მენტორობით, მოსწავლეთა გუნდები სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ, მათ შორის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. სასიხარულოა, რომ ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებული მოსწავლეთა გუნდები კონკურსების არაერთგზის გამარჯვებულები და პრიზიორები არიან. ვულოცავ მორიგ წარმატებას ცენტრსა და მის მოსწავლეებს“, – ამბობს თალიკო ჟვანია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ – მონაწილეებს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. აკადემიკოსი დავით გურგენიძე ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების საუნივერსიტეტო ცენტრს, მოსწავლეებს და გამარჯვებული გუნდების სკოლებს წარმატებებს უსურვებს.
„ვულოცავ მორიგ წარმატებას ვირტუალური მოდელირების და კონსტრუირების ცენტრსა და მის მოსწავლებს. კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. კონკურსში მონაწილეობა სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის არა მხოლოდ პრესტიჟულია, არამედ, დიდწილად განაპირობებს თითოეული ახალგაზრდის სამომავლო ინტერესებს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ახალგაზრდებს და მათ მენტორებს კონკურსში გამარჯვებას”, – აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO 2024) – ფინალურ ეტაპზე გადავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის ბაზაზე შექმნილი მოსწავლეთა ექვსი გუნდი შემდეგი პროექტებით: „SMART ლიფტი – ლიფტის უსაფრთხო და შშმ პირებზე ადაპტირებადი სისტემა“ (დავით ოსეფაიშვილი, ვახტანგ მგელაძე, მაკინე თოდუა); „ქვევრში ღვინის დაყენება მაღალტექნოლოგიური მეთოდით“ (ნიკოლოზ კარბელაშვილი, ნინო სულამანიძე, იაკობ ავთანდილაშვილი); „მდინარეების მონიტორინგის სისტემა“ (საბა გულბიანი, გიორგი გაბელია, ანდრია კოსტავა); „მებაღე რობოტი“ (დავით და მარიამ ვახტანგაძეები, ლადო ადამია); „წყლის ნავთობისაგან გამწმენდი უპილოტო ნავი“ (ზვიად ფრუიძე, ლუკა ფორჩხიძე, ელენე ქაჩიბაია, ლუკა წოწორია, ანა სალდაძე); „ეკომეგობრული, ჭკვიანი თევზის ფერმა“ (გიორგი გობაძე, ალექსანდრე ჯელია, ნიკა აბულაძე, მართა თოდუა, ელისაბედ გეგეშიძე).