საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საჯარო ლექცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საჯარო ლექცია სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მასში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სტუდენტებს საარჩევნო პროცესებში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
„შეხვედრისა და საჯარო ლექციის მიზანი იყო სტუდენტები ადგილზე გასცნობოდნენ ცესკო-ს მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციის პირველი პირისგან მოესმინათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ გახმაურებულ კითხვებზე პასუხები. გიორგი კალანდარიშვილმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ პრაქტიკაში ის თეორიული ცოდნა, რომელიც მათ კონკრეტული სალექციო საგნით – საარჩევნო სისტემები და კანონმდებლობა – მიიღეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს საჯარო ლექციებით, შემეცნებითი ტურებით სტუდენტებს მისცეს საშუალება გაიღრმაონ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ ზრდასა და განვითარებას“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.
სტუ-ის ინფორმაციითვე, საჯარო ლექციის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სამუშაო პროცესის სპეციფიკას, ადმინისტრაციის მუშაობის წესს და საარჩევნო პროცედურებს.
