საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგის მიერ შემუშავებული Meama Versatile-ის დიზაინი გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის – Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრატურის კურსდამთავრებული და ამავე ფაკულტეტის პედაგოგი ლუკა ჯანჯღავა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი საერთაშორისო კონკურსის, Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, Red Dot Design Award-ის 2024 წლის კონკურსი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და საერთაშორისო ექსპერტთა ჟიურიმ პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში გამარჯვება Meama Versatile-ს მიანიჭა, რომლის დიზაინზეც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგმა, ლუკა ჯანჯღავამ იმუშავა.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის, ნიკოლოზ შავიშვილის თქმით, Red Dot Design Award-ის კონკურსზე გამარჯვება განსაკუთრებული წარმატებაა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის, ასევე, ზოგადად, ქართული დიზაინის სკოლისთვის.
„კომერციულ სფეროში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეფექტიანობა, არამედ ემოციაც. საკონკურსო ნამუშევრებში განსაკუთრებით გამაოცა მკაფიოდ გამოხატულმა კრეატიულობამ. ის ფაქტი, რომ კიდევ არსებობს დიზაინი, რომელიც გაოცებს საკუთარი ორიგინალური ფორმითა და ფუნქციურობით, ნამდვილად შთამბეჭდავია. Red Dot Design-ის ჯილდო ორ ქართველ დიზაინერს აქვს მოგებული: ერეკლე ინაშვილს – „ ბანკის“ ბარათების დიზაინში და ზვიად ციკოლიას – საათის დიზაინსა და შეფუთვაში. ლუკა ჯანჯღავა კი პირველი ქართველია, რომელმაც გამარჯვება პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში, სამზარეულოსა და ელექტროტექნიკის მიმართულებით მოიპოვა. ეს არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისა და დიზაინის ფაკულტეტის, არამედ მთლიანად ქართული დიზაინის სკოლის მორიგი გამარჯვებაა. ვულოცავ ლუკას და წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ნიკა შავიშვილი.
Red Dot Design-ის ჯილდო ცნობილია როგორც ერთგვარი „ოსკარი“ სამრეწველო დიზაინის ინდუსტრიაში. გამარჯვებულების გამოვლენა სამი მიმართულებით ხდება: პროდუქტის დიზაინი, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ პროექტს, ბრენდები და საკომუნიკაციო დიზაინი და დიზაინის კონცეფცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს