საქართველოს სახალხო დამცველი ვარშავაში ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდა

2023 წლის 5 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მყოფი საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთო/ოდირის დირექტორის პირველ მოადგილეს თეა ჯალიაშვილს შეხვდა.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთო/ოდირის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ენდრიუ გრანდერი და პროექტის ოფიცერი ირინა ივანკივი, დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯულია გებჰარდი და დემოკრატიზაციის დეპარტამენტის საკანონმდებლო განყოფილების უფროსი ენ-ლიზ შატელენი.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის პროცესზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მიმართულებით განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის კარგ პრაქტიკას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ფორუმი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხარდასაჭერად.
შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.