საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არცერთ ელჩს არ აქვს, რაც არ უნდა მდიდარი, განვითარებული და წონადი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას „არასდროს ჩავრეულვარ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. არასდროს დამირღვევია და არც დავარღვევ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას“. მისი თქმით, კარგია, რომ პიტერ ფიშერი თავს იმართლებს და გრძნობს, რომ ვენის კონვენციის დარღვევა დანაშაულია.
დეპუტატის განცხადებით, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არცერთ ელჩს არ აქვს, რაც არ უნდა მდიდარი, განვითარებული და წონადი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს. „კარგია, რომ თავს იმართლებს და გრძნობს, რომ ვენის კონვენციის დარღვევა დანაშაულია. რა თქმა უნდა, ვენის კონვენცია დაარღვია და სწორედ ამიტომ იქნა კონსულტაციებისთვის საკუთარ ქვეყანაში გამოძახებული – ეს მისთვის სახის შენარჩუნების მცდელობა იყო, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.
კარგად მესმის გერმანიის მთავრობის რაციონალური მხარე, ნებისმიერ სახელმწიფო შეეცდებოდა თავისი ელჩის ღირსების დაცვას. სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე გააგრძელა იგივე ქმედებები, რის გამოც დამსახურებული კრიტიკა კვლავ მიიღო. ვარაუდი მაქვს, რომ ცენტრიდან, ანუ საკუთარი ხელისუფლების მხრიდან კვლავ მიიღო შენიშვნა და ამიტომაც გააკეთა განცხადება, რომ ის არ არღვევს ვენის კონვენციას. კიდევ დაარღვევს ვენის კონვენციას ან ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რაც ელჩის კონპენტენციას სცდება, რა თქმა უნდა, ჩვენგან ისევ კრიტიკას მიიღებს იმიტომ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არცერთ ელჩს არ აქვს, რაც არ უნდა მდიდარი, განვითარებული და წონადი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს იმიტომ, რომ საქართველო არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ერთ-ერთი მინაწილე მხარე და სწორედ ისეთივე უფლებები აქვს საქართველოს, როგორც სხვა დიდ თუ პატარა ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.




