საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აშშ-ს ელჩი, რობინ დანიგანი იმყოფებოდა

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს (SANGU) საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სტუმრობდა.
SANGU-ს ინფორმაციით, ელჩთან ერთად უნივერსიტეტში საელჩოში საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ალექს დანიელი და საელჩოში უმაღლესი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ბზიშვილიც იმყოფებოდნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპატიო სტუმრები ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა მიიღეს.
რექტორმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხარისხიანი და ინოვაციური, მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოებული განათლება მიგვიყვანს განვითარებამდე, კეთილდღეობამდე, რეალურ თავისუფლებამდე და უსაფრთხოებამდე, რომელიც დღეს ასე სჭირდება არა მარტო ჩვენს სამშობლოს, არამედ საერთოდ ადამიანის არსებობას სამყაროში.
მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ „მისი უწმინდესობა, რომლის ლოცვა-კურთხევითაც დაარსდა ქართული უნივერსიტეტი, ყოველთვის რეალურად გრძნობს და აფასებს გამოწვევებს“.
„ამის დასტურია ის, რომ მისივე ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან განსაკუთრებული ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ელჩს, საელჩოს და -ს სახელმწიფო დეპარტამენტს.
რობინ დანიგანმა SANGU-სა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების პროგრამის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ და ამის ნათელ მაგალითად ერთობლივი პროგრამის წარმატებით განხორციელება დაასახელა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ SANGU-სა და NKU-ს პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დანერგვაში, აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
უნივერსიტეტის ცნობით, იმ ერთობლივ ქართულ-ამერიკულ პროგრამებს, რომელსაც SANGU ახორციელებს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აქვს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული მხარდაჭერა.
ასევე, ინფორმაციის თანახმად, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე 2023 წლის იანვრიდან 80 სტუდენტი ირიცხება. ისინი SANGU-ს სრული დაფინანსებით ეუფლებიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიას. კურსდამთავრებულს ენიჭება კიბერუსაფრთხოების მაგისტრის და ინფორმაციის ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი.

ასევე დაგაინტერესებთ