საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ბრაზილიის სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე – ნელსინიო ტრადთან, დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ლუის ნიშიმორისთან და დეპუტატთა პალატის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – მაურისიო კარვალიოსთან. შეხვედრებზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე ისაუბრეს.
„აღინიშნა, რომ საპარლამენტო თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მნიშვნელოვან ფორმატს რეგულარული ერთობლივი საკომიტეტო სხდომების გამართვა წარმოადგენს და ეს შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ორმხრივი ვიზიტების ფარგლებში წარიმართოს.
შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ბრაზილიელ კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ბრაზილიელი კანონმდებლების განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება და შესაბამისად, მათი პოზიცია ურყევი იქნება.
შეხვედრებზე საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიელ კოლეგებს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები გააცნეს, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს აღწევს. საუბარი ასევე შეეხო როგორც ბრაზილიაში, ასევე ლათინურ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე საუბრისას ყურადღება ასევე გამახვილდა მისი როგორც სატრანზიტო დერეფნის და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განათლების კომიტეტში შეხვედრისას აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება ქართულ და ბრაზილიურ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა და განათლების რეფორმების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ბრაზილიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს კლაუდიო კაჟადუს შეხვდნენ. მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელების შეხვედრისას მხარეები დინამიური თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, შემოდგომაზე ბრაზილიის პარლამენტში საქართველოს დღეების, ხოლო მომავალ წელს საქართველოს პარლამენტში ბრაზილიის დღეების ღონისძიება გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ჰუგო მოტასთან გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და მისი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. საუბრის თემას ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთ გაცვლის მნიშვნელობაზე.
„საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ბრაზილიის ხელისუფლებას, მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრის დასასრულს, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.
საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაზილიელ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა და აღნიშნა მათი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა. საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი”, – აღნშნულია ინფორამაციაში.
საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი.
