საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1833 კონსტიტუციური სარჩელი

2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
კერძოდ, დავის საგანი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთისა და გამსესხებლის/კრედიტის გამცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარკვეული წესები და პირობები იყო
„№1833 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები არეგულირებს უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისა და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, გამსესხებლის/კრედიტის გამცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარკვეულ წესებსა და პირობებს, ისევე, როგორც ამ წესების კონკრეტულ სუბიექტებზე გავრცელების/არ გავრცელების საკითხებს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველი საქმის ფარგლებში, დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოშობს ის გარემოება, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, კანონმდებლის მიერ კერძო გამსესხებლების მიმართ დაწესებული შეზღუდვები, არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებზე. შედეგად, სასესხო ურთიერთობებში, კერძო გამსესხებელთა მოვალეები სათანადოდ არიან დაცულები, საბანკო სექტორის მოვალეები კი იმყოფებიან კაბალურ პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მოვალეებსა და სხვა კერძო კრედიტორების მოვალეებს შორის.
მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები და სხვა სესხის გამცემი პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, კარდინალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. შესაბამისად, მათ მიმართ კანონმდებლის მიდგომაც განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის და მათ მიმართ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
წინამდებარე დავის გადასაწყვეტად, თანასწორობის უფლების შეზღუდვის შეფასების ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიკვლია, რამდენად იწვევდა სადავო ნორმების მოქმედება, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირებს შორის, რაიმე ტიპის დიფერენცირებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმების რეგულირება მიემართება არა მოვალეებს, არამედ სესხის/კრედიტის გამცემ პირებს და სწორედ მათ მიმართ ადგენს განსხვავებულ მიდგომას, ხოლო, პოტენციური მომხმარებლების, სესხის ამღები პირების მიმართ, რომლებიც მოსარჩელე მხარემ შესადარებელ სუბიექტებად დაასახელა, გასაჩივრებული ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა. ისინი არ უდგენს მსესხებლებს განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს მათ კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნის მიხედვით. განსხვავებულ სამართლებრივ მოწესრიგებას მოვალეები ექვემდებარებიან საკუთარი არჩევანის შემდგომ და მის შესაბამისად. ამავდროულად, წინამდებარე საქმის განხილვის ფარგლებში, არ გამოკვეთილა, რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმების მოქმედება, პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს, ფაქტობრივად აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით.
შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირებთან მიმართებით, არ ადგენს პირდაპირ ან არაპირდაპირ დიფერენცირებას და, შესაბამისად, არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1833 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.