„პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI (IMO 9292199) იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
„გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“ – ნათქვამია განცხადებაში.
