სამედიცინო ტურიზმის სფეროში გააქტიურებას კერძო სექტორის გარდა სახელმწიფოც გეგმავს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი კლინიკა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხარისხიანი მომსახურების ადგილი, არამედ გახდება რეგიონული ლიდერი სამედიცინო სერვისების მიმართულებით.
„სახელმწიფოს აქვს მიზანი, სახელმწიფოს ბაზაზე შეიქმნას ისეთი ულტრათანამედროვე სამედიცინო დაწესებულება, რომელიც იქნება რეგიონში ლიდერი როგორც სამედიცინო ტურიზმის მიმზიდველობის კუთხით, ისე დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ და არ იქნება საჭირო, საზღვარგარეთ უწევდეთ მათ გამგზავრება სხვადასხვა სერვისის მისაღებად. სახელმწიფოს მიზანია, სწორედ ასეთი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას,“ – განაცხადა ფერაძემ.
ტექნოლოგიების განვითარებაა ერთ-ერთი პრიორიტეტი კერძო სექტორისთვისაც. „ემ ემ ტე ჰოსპიტალი,“ რომელიც თანამედროვე, რობოტული ქირურგიის დანერგვას იწყებს, გამოდის ამბიციური გეგმით, ხელი შეუწყოს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სამედიცინო ჰაბის პოზიციების განმტკიცებას.
იმას, რომ საქართველოს სამედიცინო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, ადასტურებს SNS Insider-ის ანგარიში, რომლის თანახმად, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნებს, რომლებსაც ომი არ შეხებია, სამედიცინო ტურისტების მიზიდვის მეტი შანსები აქვთ.
ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ, რომ კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც 2025 წლიდან სავალდებულო ხდება, საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი სამედიცინო სერვისების გარდა, უცხოელი პაციენტების მიზიდვასაც შეუწყობს ხელს, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გამაჯანსაღებელი მიზნებით ჩამოსული სტუმრები ჩვეულებრივ მოგზაურებზე 130 %-ით მეტს ხარჯავენ, ამიტომ მათი მოზიდვა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
jandacva.ge
