საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი “ხალხის ძალის” წევრი დავით კაჭარავა გახდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა, რის შესახებ ინფორმაციას თავად რაგბის კავშირი ავრცელებს.
მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც წერია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის და გამგეობის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია 16 აპრილს დასრულდა, ასევე ჩანს, რომ კაჭარავა პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.
კაჭარავა აღნიშნულ თანამდებობაზე 58-დან 57 ხმით აირჩიეს.
“ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.
საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს“ , – წერია ინფორმაციაში.
აქამდე კაჭარავა 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე იყო. რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტს, კაჭარავამდე მას იოსებ (სოსო) ტყემალაძე – ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი იკავებდა.