საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
ამავე ცნობით, კაჭარავა აღნიშნულ თანამდებობაზე 58-დან 57 ხმით აირჩიეს. მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა.
„აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე ჩაანაცვლა, რომელსაც ქართულ რაგბიში 4-წლიანი წარმატებული პერიოდი ქონდა. 2021 წლიდან დღემდე, იოსებ ტყემალაძის მიერ განხორციელებული რეფორმებისა თუ ინოვაციების შედეგად, საქართველოს ყველა ფორმაციის ნაკრებმა არნახული პროგრესი განიცადა. ასევე, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც მსოფლიო რაგბთან, ასევე ექვსი ერისა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის მმართველ ორგანოებთან. ახლა კი ამ საქმეს დავით კაჭარავა გაუძღვება.
40 წლის დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერის განმავლობაში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა. მისი სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 122 კეპი აქვს მოხვეჭილი, გატანილი ლელოების რაოდენობით კი გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს (25 ლელო). კაჭარავა 4 მსოფლიო თასის მონაწილეა (2007, 2011, 2015 და 2019), რაგბი ევროპის ჩემპიონატი კი 11-ჯერ მოიგო.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ის რაგბში დარჩა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ახალ პოზიციაზე კაჭარავას საქმიანობა სრკ-ის სტრატეგიული და საორგანიზაციო მიმართულებების კოორდინაციას მოიცავს. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი ხედვები მოიცავს, მათ შორის, ახალგაზრდული რაგბის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამწვრთნელო რესურსების გაძლიერებას.
საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს არჩეულ პრეზიდენტს“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.
