საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილა. სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-27 წლებისთვის.
დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა. სტრატეგიის მიზნებისთვის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები.

ასევე დაგაინტერესებთ