საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, პრეზიდენტი შინდისის გმირების ოჯახების წევრებს გაესაუბრა და მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, შინდისის გმირებმა თანამედროვე საქართველოს გმირობის უდიდესი მაგალითი დაუტოვეს.
„დღეს შინდისში ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და, ვიდრე გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, სწორედ ესეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია და კიდევ ერთხელ მინდა, მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა,
თავდაცვის მინისტრმა ხელისუფლების წარმომადგენლებს შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებიც გააცნო.
შინდისის ბრძოლის ადგილზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმირების მემორიალურ კომპლექსს აშენებს. სამუზეუმო სივრცის სამშენებლო სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია.
საქართველოს პრეზიდენტი შინდისში გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა.
Previous: ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, 2018 წლამდე ამ რეჟიმის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი
