საქართველოს ნაკრები უნგრეთის დედაქალაქში გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა

ბუდაპეშტში საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი იწყება. 6-7 ივნისს მედლები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრები უნგრეთის დედაქალაქში გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა, მაგრამ რამდენიმე გამოცდილი სპორტსმენის გარეშე.
კონკურენციაში სულ თოთხმეტი ქართველი ჩაებმება.
ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში საქართველოს ნაკრებს ორ-ორი მონაწილე ეყოლება. ერთ წონაში – 65 კილოგრამში კი სატურნირო ბადე ქართველების გარეშე შეივსო.
გამორჩეულად საინტერესო 125 კილოგრამი წონითი კატეგორია უნდა იყოს, სადაც გენო პეტრიაშვილის გარდა, საქართველოს დროშით გივი მაჭარაშვილიც იჭიდავებს.
დღეს მედლების შვიდი კომპლექტი გათამაშდება – 57, 61, 65, 70, 79, 97 და 125 კილოგრამებში, ხოლო ხვალ დარჩენილ სამ წონაში – 74, 86 და 92 კილოგრამებში.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დაიწყება საქართველოს დროით 12:30 საათზე. ფინალური ბლოკი – 19:00 საათზე.
სარეიტინგო ტურნირს მსაჯი რუსლან დარსანიაც მოემსახურება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – რობერტ დინგაშვილი
61 კგ – გიორგი ღონიაშვილი და ნიკა ზაქაშვილი
70 კგ – აკაკი ქემერტელიძე და ედემ ბოლქვაძე
74 კგ – გიორგი ელბაქიძე
79 კგ – ფირუზ ქვლივიძე და ოთარ ბაგაური
86 კგ – ევსემ შველიძე
92 კგ – მირიან მაისურაძე და იუზა ცერცვაძე
97 კგ – ზაურ ბერაძე
125 კგ – გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი
მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, დავით ხურცია, ლევან ჩერტკოევი
ექიმ რეაბილიტოლოგები: თემურ მგელაძე და ლევან ფილოიანი