საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა – “ჯვაროსნების” საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაუეფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდნენ – კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთან ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსმა გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. თუმცა, როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. მორატა იმ მომენტში მამარდაშვილს ხელს
უშლიდა, მაგრამ VAR-მა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩამ შენიშნა, რომ მეკარე წინ იყო გამოსული, მაგრამ ცენტრიდან ვერ გაუტანა. მერე მამარდაშვილმა იამალის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა მალე ფაბიან რუისმა „ფურია როხა“ დააწინაურა. სანიოლმა ლოჩოშვილი და ჩაკვეტაძე წიტაიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. იამალმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, მერე წიტაიშვილმა მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა. იამალის ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა, თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ უილიამსმა 75-ე წუთზე გაგვიტანა. 79-ე წუთზე გველესიანის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე კვეკვესკირი და ზივზივაძე შევიდნენ. სამწუხაროდ, ოლმომაც დალაშქრა ჩვენი კარი და მარცხი განვიცადეთ.
აღსანიშნავია, რომ ესპანელთა ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა და ამ ფაქტორმაც იმოქმედა. მთავარია ჩვენმა გუნდმა ევროპირველობაზე ღირსეულად იასპარეზა და დიდი პერსპექტივა გააჩნია.
5 ივნისს, მეოთხედფინალში ესპანეთი გერმანიას დაუპირისპირდება.
ესპანეთი – საქართველო 4:1
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39), 2:1 ფაბიან რუისი (51), 3:1 უილიამსი (75), 4:1 ოლმო (83)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვეკვესკირი 79), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 64), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 64), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 79)

ასევე დაგაინტერესებთ