საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე – განაცხადის ანალიზი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.
მარტის მატჩების შემდეგ განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდით, იმის მიუხედავად, რომ განაცხადი 26-კაციანი გახდა. ყველაზე მეტად ირაკლი აზაროვის არგამოძახება გვწყინს, მაგრამ ამის შესახებ დავწერეთ (იხ. ქვემოთ), რომ ერთ პოზიციაზე 3 ალტერნატივა ბევრი იქნებოდა (თუ მარჯვნივ ასეთი საბა ლობჟანიძეა, მას სანიოლი შეტევაშიც იყენებს). ლევან შენგელია, საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღებისა და გაცდენის მიუხედავად, გუნდში აბსოლუტურად დამსახურებულადაა.
ლობჟანიძესთან ერთად, ნაკრებში ჯიმი ტაბიძეც დაბრუნდა. თუკი ერთ პოზიციაზე სამ ფეხბურთელზე
ვსაუბრობთ, ის, ისევე, როგორც ლაშა დვალი და ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ცენტრალური მცველია და მათი ერთდროულად გუნდში ყოფნა გასაკვირია (კვირკველიასა და კაშიას მთავარი ალტერნატივა გიორგი გველესიანია).
ჩვენ ევროზე ახალგაზრდებისთვის დროის მიცემის მნიშვნელობაზეც ვწერდით და ამ მხრივ, არც ისე კარგი საკლუბო პერიოდის მიუხედავად, საბა საზონოვის გამოძახების სურვილი გამოვთქვით…
ახლა შემადგენლობის გარჩევის დრო აღარაა, ყველანი ჩემპიონატზე წარმატებაზე უნდა გადავერთოთ. მით უმეტეს, მარტის თამაშებმა დაგვარწმუნა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკა გადამეტებული იყო. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 9 ივნისს მონტენეგროს ესტუმრება, 18 ივნისს კი, ევროს პირველ ტურში, თურქეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო თერთმეტეული ევროპის ჩემპიონატზე:

მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი – ჩაკვეტაძე, კვარაცხელია – მიქაუტაძე.

მთავარი ალტერნატივები (შეცვლაზე შემოსვლის კანდიდატები) – შენგელია, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ზივზივაძე, ლობჟანიძე ან კანკავა.
ევრო 2024-ის განაცხადი:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, , ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.
ჯერჯერობით სანიოლის არც ტაქტიკას და არც შემადგენლობის დაყენებას გადამწყვეტ თამაშებში კითხვები არ დაუტოვებია. ფაქტია, რომ გუნდის მოტივირებაც შეძლო ამ თამაშებისთვის. რაც შეეხება აზაროვის საკითხს: მეც არ ვეთანხმები ვილის ამ საკითხში, თუმცა ყველაფერი მაინც პირადული მგონია, რადგან მან ერთხელ უკვე თქვა, რომ აზაროვი მცველია და არა თავდამსხმელიო და მას დაცვაში თამაში უფრო მოეთხოვება, ვიდრე თავდასხმაშიო. მის ლაპარაკში გაბრაზებული კაცის ტონი იგრძნობოდა. არ ვიცი, როდის რა არ მოეწონა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თქვა.