“საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია” – თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა “ჯვაროსნებთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

18 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კი Turkiyetoday-სთან ინტერვიუში “ჯვაროსნებთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
“ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყება იქნება. უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ, თუმცა შესაბამისი ზომის ნაბიჯები გადავდგათ, რადგან თუ დიდი ნაბიჯის გადადგმას შევეცდებით, ფეხის დაცდენის და წაქცევის შანსი გაიზრდება.
საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ სივრცეები თითქმის არ რჩებათ და კონტრშეტევისას ძალიან სახიფათოები
არიან, ჩემი აზრით, მათი მთავარი პლუსი სწორედ კონტრშეტევებია. მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს”, – განაცხადა მონტელამ.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.