საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება პენსია საშუალო ხელფასის 35-40%-ს შეადგენდეს – გიორგი კეპულაძე

„საქართველოში პენსია თავისი არსით, უფრო სოციალური დახმარებაა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობისთვის. მარტოხელა პენსიონერისთვის, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ამ პენსიით თავი გაიტანოს“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
„მნიშვნელოვანია ის, რომ დაწყებულია საპენსიო რეფორმა და უკვე წლების შემდეგ, როცა მასში ჩართული ადამიანები გავლენ პენსიაზე, მათ პენსია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ექნებათ. ბევრ ქვეყანაში სწორედ ასეთი სისტემაა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა და ადამიანები სახელმწიფო საპენსიო ფონდში აგროვებენ თანხას და შემდეგ უკვე მათ აქვთ იმის შესაბამისი პენსია, როგორც და რამდენ ხანსაც მუშაობდნენ.
ჩვენთან ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი მუშაობდა თუ არა, ყველას ერთნაირი პენსია აქვს. ცოტათი განსხვავებულია ასაკით 70 წელს ზემოთ მყოფი პირების პენსია, რადგან ამ ასაკობრივი ზღვრის მაღლა შედარებით მცირეა მოქალაქეების რაოდენობა და სახელმწიფოს აქვს ამის შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
მისი თქმით, ახალი საპენსიო სისტემით პენსიის ოდენობის განსაზღვრა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მოხდება.
„მოგეხსენებათ, მდე პენსია საერთოდ 14 ლარი იყო, სასაცილო თანხა, რომელიც არავის არაფერში ჰყოფნიდა. პენსიის ზრდა დამოკიდებულია სახელმწიფოს წარმატებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და რაც უფრო წინ წავა ქვეყანა, მით უფრო გაიზრდება პენსია. შემდეგ უკვე წამოვა ის თაობა, რომელიც ჩართული იყო საპენსიო სისტემაში და იმედია, მათ საბაზისო პენსიასთან ერთად, დამატებული ექნებათ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით დაგროვილი თანხა.
შესაბამისად, ამ სისტემით მოხდება დიფერენციაცია ადამიანებს შორის იმის მიხედვით, ვინ უფრო მეტს მუშაობდა და თავისთავად, ეს სამართლიანიც არის იმ მხრივ, რომ ადამიანმა, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა და იხდიდა გადასახადებს, საპენსიო ასაკში სახელმწიფოსგან მიიღოს შესაბამის პენსია“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება მიუახლოვდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საპენსიო მაჩვენებელს, რომელიც საშუალო ხელფასის 35-40%-ს შეადგენს.
„თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, მათ შორის პენსია ყველაზე მაღალია ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პენსია. ამ ქვეყნებში პენსია საშუალო ხელფასის 35-40%-ს შეადგენს და ეს არის ევროპული ოპტიმალური მაჩვენებელი. იქაც არის ქვეყნები, სადაც ამაზე მაღალი მაჩვენებელია, მაგალითად იტალია და საბერძნეთი“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
საქართველოში პენსია საშუალო ხელფასის 17%-ია და ეს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსეთში ეს მაჩვენებელი 35.8%-ია, სომხეთში 40%, თურქეთში 53%, აზერბაიჯანში 62.2%.