„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მოკლე ინფორმაცია, აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ“ – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 2024 წლის 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია.
საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობდნენ 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბერი – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI).
აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავდა აგრეგირებულ ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ, რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღწერის შედეგად მიღებული პირველადი მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების საფუძველზე.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) – კაცი.
წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს – ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ.
აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.
საქსტატი გამოხატავს მზადყოფნას, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, მონაცემთა დამუშავების პროცესის მიმდინარეობის შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
