საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ – გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიციირებულ „აგენტების კანონს“.
გერმანიის საგარეო უწყება პლატფორმა X-ზე წერს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე საპროტესტო აქციას მართავს სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.
“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”.
საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტის თანახმად, კანონის საბოლოო, მესამე მოსმენით, მიღების სავარაუდო თარიღია 17 მაისი.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან