საქართველოს მთავრობას აღარ აინტერესებს დემოკრატია და კანონის უზენაესობა – ბუნდესტაგის წევრი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, გაბრიელა ჰაინრიხი აცხადებს, რომ საქართველო სამწუხარო მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ქვეყანა დემოკრატიიდან ავტოკრატიად გარდაიქმნება.
გაბრიელა ჰაინრიხი, რომელიც ასევე არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ამ განცხადებას აკეთებს ინტერვიუში, რომელიც ბუნდესტაგის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა და რომელშიც ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაზე საუბრობს.
ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა 2025 წლის ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტებზე, მათ შორის ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორზე, მზია ამაღლობელზე.
„ორმა ფინალისტმა, მზია ამაღლობელმა და ულვი ჰასანლიმ, სტრასბურგში გამართულ ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლეს, რადგან ისინი საქართველოსა და აზერბაიჯანში იმყოფებიან პატიმრობაში.
მათ წარმომადგენლებს სერტიფიკატის მიღება და მოკლე სიტყვით გამოსვლა სთხოვეს. მხოლოდ ესეც კი ასახავს პრესის თავისუფლების ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოსა და აზერბაიჯანში“, – განაცხადა გაბრიელა ჰაინრიხმა.
გაბრიელა ჰაინრიხმა დან მომდინარე საფრთხეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში პრორუსულ პარტიებსა და ორგანიზაციებს აფინანსებს, რაც ძალიან ნათლად ჩანს მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთში, ასევე უნგრეთსა და სლოვაკეთში.
„საქართველო სამწუხარო მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ქვეყანა დემოკრატიიდან ავტოკრატიად გარდაიქმნება. ამას, რა თქმა უნდა, რუსული გავლენაც უჭერს მხარს.
2025 წლის იანვრის რეზოლუციაშიც კი, საქართველოს დელეგაციის აკრედიტაცია მხოლოდ მკაფიო პირობებით დადასტურდა. დემოკრატიული სტანდარტები საქართველოში მიმდინარე წლის აპრილისთვის უნდა ყოფილიყო დაცული. ეს ასე არ მოხდა. რადგან რეზოლუცია ასევე უზღუდავდა დელეგაციის წევრებს ხმის მიცემის უფლებას, საქართველოდან არავინ დაესწრო.
მე ყოველთვის მწყდება გული, როდესაც დელეგაცია ტოვებს საპარლამენტო ასამბლეას. მაშინ რუსეთის შემთხვევაშიც კი ვწუხდი ამაზე, ვინაიდან ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ დიალოგი აღარ არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველო აჩვენებს, რომ მთავრობას აღარ აინტერესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიღწევები. თუმცა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ურთიერთობას ოპოზიციურ ძალებთან – მათ შორის სტრასბურგში სესიების კვირების განმავლობაში“, – განაცხადა გაბრიელა ჰაინრიხმა.