„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორს ირაკლი გილაურს პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში თაღლითობას ედავებიან

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, BMG-ს „საქმიან დილაში“ ორშაბათს განაცხადა, რომ სს „საქართველოს კაპიტალის“ გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ნიშნები იკვეთება, რის გამოც პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
საქმე ეხება ინვესტორის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორის ირაკლი გილაურის მხრიდან სკოლის წინაშე 5 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმით და შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობას.
კერძოდ, „საქართველოს კაპიტალს“ არ განუხორციელებია ფულადი ინვესტირება ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში. მეტიც, დღეს ინვესტორი უარს ამბობს ერთ-ერთი კამპუსის მშენებლობისთვის განკუთვნილი ოქროყანის მიწის წინასწარ შეთანხმებული პირობით სკოლისთვის გადაცემაზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წილის 70%-ის მფლობელმა და ინვესტორმა სს „საქართველოს კაპიტალმა“ დღის წესრიგში დააყენა სკოლის დირექტორის, დამფუძნებლისა და წილის 30%-ის მფლობელის ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გადაყენებისა და ამ პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურის დანიშვნის საკითხი.
ინვესტორმა, რომელსაც სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სასამართლოში ედავება, ვერ შეძლო საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან ნათია ჯანაშიას სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება დააკმაყოფილა და დაადგინა: „სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შპს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ პარტნიორთა კრებას მიკუთვნებულ საკითხებზე პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღონ ურთიერთშეთანხმებით“.
ცნობისთვის, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.
(NS)