საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი ზაზა ჭაიას პოსტთან დაკავშირებით იხსენებს:
ეს ფოტო მე და ლუარსაბ ტოგონიძემ ჩამოვიტანეთ პირველად საქართველოში. ერევანში ვიყავით ჩასული. წიგნის მაღაზიაში შევედით ქალაქის მთავარ მოედანზე. მე ვათვალიერებდი წიგნებს და გავხედე ლუარსაბს: ალბომი გაეხსნა და გადაშლილს უყურებდა გაცისკროვნებული სახით. ასე იყო ალბათ ხუთი წუთი. მივუახლოვდი და ვუთხარი-ცუდად ხომ არ ხარ მეთქი? შეხედეო! ქაშვეთის იატაკს წმენდს პატრიარქიო! უნდა ვიყიდო ეს ალბომიო. ძალიან ძვირი იყო. იქ ვიეშმაკე და მაღაზიის დირექტორთან შევედი კაბინეტში. გავეცანი და ვუთხარი, რომ სიები მინდოდა წიგნების-ეროვნული ბიბლიოთეკა იყიდის მეთქი. მივეცი ჩემი სავიზიტო ბარათი. გაუხარდა. გაგვიშალა პატარა სუფრა. ვიმუშაოთ ერთადო. ეს ის დროა, წიგნის შეძენის ერთი თეთრიც არ აქვს ბიბლიოთეკას. შევარდნაძის პერიოდია. რამდენ პროცენტზე ვიმუშაოთო? დავიბენი. იყიდეთ და ათ პროცენტს მოგცემ პოსლეო. არაფერი არ მინდა პროცენტი, ეს ალბომი დამისკანერეთ მეთქი. დაავალა თანამშრომელს, ფოთიდან შემოგვაქვს საკანცელარიო საქონელიო, კარგი პარტნიორები გვყავსო. სანდო ხალხი ვართო. ერთი სიტყვით, გადაგვყვა. ყავა დავლიე მასთან, რესტორანში გვეპატიჟებოდა. მე კი ერთი სული მქონდა, ფოტოს ციფრული ვერსია მოეცა. მოიტანეს. დავემშვიდობე. ფოტოც სიდით წამოვიღეთ. ლუარსაბმა მითხრა-კაი ეშმაკი ყოფილხარო! კაცი მოატყუეო! აბა გადაგეხადა სამასი დოლარი მეთქი. მაშინ დიდი ფული იყო ეს სამასი დოლარი. ალბომის სათაური იყო-სომეხი ფოტოხელოვანები. მგონი სომხურად იყო. იქ ეს ფოტო იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი. სომხის გადაღებულია.
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა ჭაია:
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დავით V დევდარიანი, იატაკს რეცხავს წმინდა გიორგის ეკლესიაში!