საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა, რომელშიც 150-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული, მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს. ამის შესახებ პლატფორმამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი. 14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება! ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საბოლოოდ წყვეტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს“,- აღნიშნულია განცხადებაში.