საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9 %-მდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მის ირგვლივ დასტაბილურდება.
პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის. საგარეო რისკებთან ერთად, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს.
აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაში განხილვისა და ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის აქციაზე – დავინახეთ, რომ უფრო მეტი კარავი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები – როცა ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე კარავში შედის, ეს არის „კარუსელი“ და ვის ატყუებენ?!

ცესკო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, რა დროსაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს, უყურადღებოდ არ დატოვონ