საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებით შექმნილი ახალი ეკოტურისტული პროდუქტი დაინერგება – დაცული ტერიტორიების სააგენტო
დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით ახალ პროექტზე მუშაობს რომელიც ითვალისწინებს VR ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ვირტუალური რეალობის აპლიკაციისა და სპეციალური VR სტენდის განვითარებას.
„პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების ფართო აუდიტორიით გაცნობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აპლიკაციის საშუალებით ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურად იმოგზაურონ ეროვნულ პარკებში, დატკბნენ ბუნების სილამაზით და განიცადონ ის ემოციები, რასაც უშუალოდ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა იწვევს.
VR გამოცდილება ვიზიტორებს მისცემს საშუალებას:
· დაგეგმონ საკუთარი ვირტუალური მოგზაურობა ინტერაქციული გზამკვლევებისა და მინიშნებების გამოყენებით;
· აღმოაჩინონ ზღაპრული მღვიმეები და კანიონები;
· დატკბნენ სპეციალური გადასახედებიდან საოცარი ხედებით;
· გამოცადონ ზიპლაინით დაშვების ადრენალინი;
· ისიამოვნონ ვირტუალური პიკნიკებითა და კატერით, პანტონითა და კაიაკით გასეირნებით.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც საქართველოს ბუნების პოპულარიზაციას ახდენს. ახალი VR პროდუქტი ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების თვალსაჩინო წარმოჩენისა და უცხოელი მოგზაურების დაინტერესების ეფექტური საშუალება გახდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
