პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მოუსმინეს.
გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და 2045 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის წევრებს გიორგი გაბიტაშვილის ბიოგრაფია გააცნო.
„გიორგი გაბიტაშვილს რიგითი სტაჟიორიდან გენერალურ პროკურორამდე ყველა პოზიცია აქვს გავლილი, ნიჭიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, აუდიტის სამსახურშიც მისი საქმიანობა წარმატებული იქნება“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აუდიტის სამსახური და გენერალური პროკურატურა სტრუქტურულად განსხვავებულია, თუმცა აუდიტის სამსახურში რეკომენდაციები გაიცემა, გენერალურ პროკურატურაში კი ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებია, მაგრამ ორივეს სჭირდება საქმის მოკვლევა, შესწავლა, შემოწმება და განხილვა.
კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბიტაშვილს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ გენერალურ აუდიტორს ცოტნე ყავლაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილმა სამომავლო გეგმებზე და აუდიტის სამსახურის სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვაცნობიერებ გენერალური აუდიტორის როლს, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და ეს თანამდებობა სიმბოლური არ არის. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ვიზრუნებ სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებაზე და ვალდებულებას ავიღებ დავიცვა, კიდევ უფრო გავაძლიერო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითადი პრინციპები – ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
მან კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, გიორგი გაბიტაშვილის არჩევის საკითხი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მოსმენის და განხილვის გარეშე წარიმართება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.