საქართველოს გავლით ევროპამ უკვე 50 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიიღო

აზერბაიჯანიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდება ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) მეშვეობით 50 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას Report-ი SOCAR Türkiye-ზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ამით ისტორიული ნიშნული დაფიქსირდა ენერგეტიკული ხიდის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანს ევროპასთან აკავშირებს.
ცნობისათვის, TANAP-ი სამხრეთკავკასიური მილსადენის (South Caucasus Pipeline-SCP) ერთ-ერთი კომპონენტია. აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ბუნებრივი აირი ჯერ აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალს მიეწოდება, საიდანაც ის სამხრეთკავკასიურ გაზსადენში გადაიქაჩება. საქართველოს გაზმომარაგება სწორედ სამხრეთკავკასიური მილსადენის 30-დუიმიანი განშტოებით ხდება, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში მდებარეობს.
TANAP-ი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე იღებს სათავეს და საბერძნეთის საზღვართან, ედირნეს პროვინციის იფსალას რაიონში ტრანსადრიატიკის მილსადენს (Trans Adriatic Pipeline-TAP) უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი შაჰდენიზ 2-ის საბადოდან ევროპულ ქვეყნებს მიეწოდება. TAP-ით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის მომხმარებლებისთვის 2020 წლის 31 დეკემბერს, ხოლო მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან რუმინეთში დაიწყო. ჯამში, საქართველოს გავლით აზერბაიჯანულ გაზს ევროპის 10-მდე ვეყანა იღებს.
TANAP-ის მთლიანი სიგრძე 1850 კილომეტრია, ხოლო გაზსადენის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა მომავალში მას სიმძლავრის 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. კერძოდ, აპრილის დასაწყისში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში გაზსადენის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და ევროკავშირის შეთანხმებით, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში წელიწადში მინიმუმ 16 მილიარდ კუბურ მეტრს უნდა მიაღწიოს. 2024 წელს კი ევროპისთვის მიწოდებული აზერბაიჯანული გაზის მოცულობა დაახლოებით 13 მილიარდ კუბურ მეტრს გაუტოლდა.
ევროპაში აზერბაიჯანული გაზის კომერციული მიწოდება 2020 წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი