“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” LSG Solutions-ს მესტიის აეროპორტის კონკურსში, მისი არქიტექტორების შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას ულოცავს

მესტიის აეროპორტის ახალ ტერმინალზე გამოცხადებულ კონკურსში, 18 პრეტენდენტს შორის, კომპანია Green Studio-მ საუკეთესო პროექტი წარმოადგინა და გაიმარჯვა. ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსში გამარჯვებული პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე სწორედ LSG Solutions-ის გუნდის არქიტექტორებმა, ნინო გრიგოლაშვილმა და თეონა გოგოლაძემ იმუშავეს.
“ახალი ტერმინალის კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე შენობას, რომლის იდეა არის კავშირი დაამყაროს წარსულსა და აწმყოს შორის. თან წარსულის საუკეთესო მაგალითებს, საშუალება მისცეს, ახალი სახით მომავალში გაიკვლიოს გზა. თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფცია დავუკავშირეთ თამარ მეფის საზეიმო სამოსს“,- განაცხადა LSG Solutions-ის არქიტექტორმა ნინო გრიგოლაშვილმა.
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” ინფორმაციით, კონცეფციის ავტორებმა, თამარ მეფის სამოსის ელემენტები არქიტექტურულ ენაზე თარგმნეს. ბისონის შემადგენელი ელემენტები – მარგალიტები გამოყენებულია როგორც ხის კოჭების ჩარჩოების კონსტრუქცია, რომბები, როგორც სარკმლები გადახურვაში, ხოლო ჯვარედინი ნაქარგი, როგორც მზიდი კონსტრუქცია და წარსდგება ჩვენს წინაშე, ახალი ტერმინალის შენობის საკონკურსო წინადადების სახით.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სვანეთი საქართველოს სტრატეგიული ლოკაციაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ულოცავს წევრ კომპანია LSG Solutions-ს მისი არქიტექტორების მიერ შექმნილი კონცეფციის გამარჯვებას, რაც დიდი წარმატებაა, რადგან კომპანიის შემოთავაზებული კონცეფცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სვანეთის პოზიტიური იმიჯის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ტურისტულ ნაკადებზე. სვანეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ლოკაციაა, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და შესაბამისად, მის მოსახლეობას“, – განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, მესტიის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს დასრულდება, თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა იქნება. ტერმინალის თავისუფალი გეგმარება ფუნქციურად მოიცავს გამგზავრებისა და მოფრენის ზონებს.
ტერმინალი მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობის გამტარუნარიანობაზეა გათვლილი. გაფრენისა და მოფრენის დარბაზებში გათვალისწინებულია კვებისა და სავაჭრო სივრცეები, ასევე სხვა საჭირო სერვისები.

ასევე დაგაინტერესებთ