საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „საქკაბელს“ თვითმზიდი კაბელისთვის ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატის მინიჭებას ულოცავს

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, „საქკაბელის“ პროდუქციამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, ევროპულმა ავტორიტეტულმა ელექტროტექნიკური პროდუქტების მასერტიფიცირებელმა ორგანო EZÚ-მ ხარისხისა და სტანდარტთან შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი ამჯერად „საქკაბელის“ წარმოების თვითმზიდ (ABC) კაბელს მიანიჭა.
მათივე განმარტებით, ABC კაბელი მაგისტრალურ საჰაერო გადამცემ ხაზებში, საცხოვრებელი სახლებისა და საყოფაცხოვრებო შენობების განშტოებებზე გამოიყენება.
„საჰაერო გადამცემი ხაზებისთვის განკუთვნილი სტანდარტული კაბელებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროდუქტის საიზოლაციო მასალა შეიცავს დანამატს, რაც კაბელს განსაკუთრებით მედეგს ხდის ულტრაიისფერი სხივების მიმართ და გაუმჯობესებული თერმული თვისებებით გამოარჩევს.
ABC კაბელმა ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტის“ ლაბორატორიაში კომპლექსური ტესტირების პროცესი გაიარა, რის ფარგლებშიც შეფასდა კაბელის კონსტრუქციული ზომები, მარკირების შესაბამისობა, მასალების ტიპები და ფერები. გარდა ამისა, ლაბორატორიაში სიღრმისეულად მოხდა კაბელის ელექტრო-მექანიკური თვისებების შესწავლა, მათ შორის ისეთი კომპონენტების, როგორიცაა: დენგამტარის ელექტრული წინაღობა, ტექნიკური ნახშირბადის შემცველობა, სადენის მედეგობა მაღალ ძაბვაზე და სხვ.
ჩატარებულმა ტესტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული ABC კაბელი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და საიმედოდ უზრუნველყოფს დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის შეუფერხებელ მიწოდებას საჰაერო გადამცემი ხაზების საშუალებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული თვითმზიდი ABC კაბელის საშუალებით, უკვე წლებია, ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება საქართველოს არაერთ რეგიონს და პროდუქტი სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად გამოიყენება. ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტისგან“ საერთაშორისო სერტიფიკატის მიღება კი, აღნიშნული პროდუქტის სანდოობისა და მაღალი ხარისხის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც გზას გვიხსნის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს წარმატება „საქკაბელის“ გუნდის დაუღალავი შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია. ინოვაციებსა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის განვითარებას და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტის საკაბელო გადაწყვეტების შეთავაზებას“, – განაცხადა „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა, დავით კაპანაძემ.
ინფორმაციისთვის, ჩეხეთის „ელექტროტექნიკური ტესტირების ინსტიტუტი“ მოწინავე ევროპული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც 1926 წლიდან ახორციელებს პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების ტესტირებას, შემოწმებასა და სერტიფიცირებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორთან და უზრუნველყოფს მიუკერძოებელ შეფასებას პროდუქტებისა და მენეჯმენტის სისტემების შესაბამისობის შესახებ.