საქართველოს აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გერმანიაში თავშესაფრის მიღების დაბალი შანსია – ნენსი ფეზერი

“საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი,” – ეს განცხადება გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
როგორც ნენსი ფეზერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას ძალიან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა აქვთ.
“პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას. გილოცავთ, ამას გარდა, ძალიან მახარებს, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიურს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი – ჩვენი ქვეყნების ძალიან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა, მიზანმიმართული დასაქმება და სპეციალისტების განათლება, ე.წ. თავშესაფრის მაძიებელთა და იმ პირების უკან დაბრუნება, რომლებსაც არ აქვთ რეალური ბინადრობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე, ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვას შეუწყობს ხელს, ასევე თემებისა და მუნიციპალიტეტებისა, რომელთა კომპეტენციაშიც ეს შედის.
საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალკვალიფიციური მუშა ხელი, ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სფეროში გაცვლა, გაზიარება სასწავლო სფეროში სტუდენტების, მეცნიერების. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.
დიდი მადლობა ქართულ მხარეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს არის კარგი საფუძველი ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩემი მადლობა ეხება ჩვენს საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელს, ასევე ქართულ მხარეს. დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ მიგრაციის შეთანხმების გაფორმებას სჭირდებოდა დრო. ეს იყო ორმხრივი, პატივისცემაზე დაფუძნებული პროცესი. მართლაც შედეგიანი, წარმატებული პროექტია.
ჩვენი მიგრაციის შეთანხმება მიგვიყვანს იქამდე, რომ არარეგულარული მიგრაცია შემცირდება ორივე ქვეყანაში. დიდი მადლობა პერსონალურად კარგი თანამშრომლობისთვის, მათ შორის შიდა უსაფრთხოების კუთხით. უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის, ასევე, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის ფონზე, ეს ნაყოფიერი და პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება

2008 წლის 8 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ – ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში