„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ ინფორმაციით, საქართველოში არაგადამდები დაავადებები სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზია

“საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ ინფორმაციით, საქართველოში არაგადამდები დაავადებები სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზია.
კერძოდ, „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ კვლევის თანახმად, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტები და მათი მომვლელები ურთულესი გამოწვევების წინაშე დგანან.
საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი ხელისუფლებას, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდებს, რათა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი გახდეს.
ალიანსის განცხადებით, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი იმ კრიზისის დასაძლევად, რომელსაც არაგადამდები დაავადებები იწვევს და საქართველოში სიკვდილიანობის 94%-ის მიზეზი ხდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 250-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვის მიხედვით გამოვლენილი სისტემური პრობლემები ჯანდაცვის პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს.
„სისტემური პრობლემები პირდაპირ აისახება პაციენტების ცხოვრების ხარისხზე:
სტიგმა და ფსიქოლოგიური ზეწოლა – სიმსუქნით, დიაბეტით და კიბოთი დაავადებული პაციენტები სტიგმისა და მოტივაციის ნაკლებობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს დროულად არ მიმართავენ, რაც მათ ფსიქიკურ მდგომარეობასაც აუარესებს.
დასაქმების პრობლემები – ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია ფინანსურ დაუცველობას იწვევს და სტრესს ზრდის
ცნობიერების დაბალი დონე – არაგადამდები დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების შესახებ საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობა ხელს უწყობს დაავადებების დაგვიანებულ დიაგნოსტიკას.
სერვისების მიუწვდომლობა – პაციენტები, განსაკუთრებით რეგიონებში, კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განიცდიან და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მისაღებად ხანგრძლივი ლოდინი უწევთ.
რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობა – ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ინსულტ-გადატანილი პირებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის არასაკმარისი სარეაბილიტაციო სერვისები მათი გამოჯანმრთელების პროცესს აჭიანურებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, კვლევების შედეგად ასევე გამოვლინდა სერიოზული გამოწვევები, რომლებსაც ქრონიკული პაციენტების მომვლელები აწყდებიან.
„მხარდამჭერი სერვისების უქონლობა უკიდურესად ამძიმებს მომვლელთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ამიტომაც მომვლელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იძულებულია სამსახური დატოვოს. ასევე, არ არსებობს ფორმალური მექანიზმები, რომლებიც მომვლელებს ფინანსური და ემოციური ტვირთის შემსუბუქებაში დაეხმარებოდა.
კვლევის შედეგებით, არაგადამდები დაავადებების ეფექტიანი მართვისა და პრევენციისთვის აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. პირველადი ჯანდაცვა ის რგოლია, რომელიც დაავადებების ადრეულ გამოვლენას, პრევენციასა და გრძელვადიან მართვას უზრუნველყოფს,“ – აღნიშნავს ალიანსი.
„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ ინფორმაციით, ექსპერტები, სახალხო დამცველის ოფისი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტი უნდა გახდეს.
კვლევაზე დაყრდნობით, არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა:
1. დაფინანსების გაზრდა – პირველადი ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა.
2. კადრების მოზიდვა – პირველად ჯანდაცვაში ახალგაზრდა, კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და შენარჩუნება ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესებით.
3. ცნობიერების ამაღლება – მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანიების ჩატარება დაავადებათა პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.
4. ანტი-სტიგმა პოლიტიკა – სტიგმის წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება და პაციენტთა ჯგუფების მხარდაჭერა.
5. მომვლელების მხარდაჭერა – მომვლელებისთვის სპეციალური დახმარებისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
ამასთან, “საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსში“ აღნიშნავენ, რომ კვლევის მონაწილეთა 86% – ის მოსაზრებით, აუცილებელია პაციენტების და მათი მომვლელების ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩართვა, თუმცა საამისო ეფექტური მექანიზმები საქართველოში არ არსებობს.