ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი , – ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსთვის” ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე სასამართლოს „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად იყენებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ უპრეცედენტო სასამართლო დავას – რუსთავის მერი რუსთავის და რუსთაველების წინააღმდეგ.
რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძე „ოცნების“ დამფინანსებელი დეველოპერების ბიზნესინტერესების დასაცავად მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ იყენებს.
აღნიშნული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნინო ლაცაბიძე არის არა რუსთაველების მერი, არამედ „ოცნების“ ბიზნეს ჯგუფების მომსახურე პერსონალი.
ყველა ის დეველოპერული პროექტი, რის გამოც მერი საკრებულოს უჩივის, მათ შორის კობახიძე-კალაძის დაჯგუფების კომპანიის – „არქის“ პროექტები, „ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიღწეული ფარული გარიგებითა და მათი მხარდაჭერით, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე მიიღო, თუმცა სახელისუფლებო მედიასაშუალებები, დეზინფორმაციის და ტყუილების გავრცელებას ისევ განაგრძობენ არარსებულ კოალიციაზე და ამ კონკრეტულ ფაქტს მიზანმიმართულად მალავენ.
როგორც ჩანს, რუსთავის მერისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ “ოცნების” დამფინანსებელი დეველოპერების პროექტები, რომლის განხორციელებაც ქალაქის ურბანული დამახინჯებისა და მწვანე სივრცეების უგულვებელყოფის ხარჯზე ხდება.
ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საკრებულოში პრინციპულად იცავს და მომავალშიც დაიცავს რუსთაველების ინტერესებს, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი “საქართველოსთვის”, ყოველთვის ვამხელთ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ფარულ კოალიციას, რომელიც უკვე საერთო ბიზნესინტერესებით მოქმედებს რუსთავში”, – ნათქვამია განცხადებაში.