საქართველოსა და კამბოჯის ეროვნული ბანკები დედოლარიზაციის პროცესზე იმუშავებენ

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს კამბოჯის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის დროს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დედოლარიზაციაზე, ანუ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობასაც ისახავს მიზნად.
მემორანდუმს ხელი მოაწერა კამბოჯის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჩია სერეიმ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
“მხარეები უზრუნველყოფენ რეგულარულ ტექნიკურ თანამშრომლობას ექსპერტულ დონეზე ცენტრალური ბანკის ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების შემუშავება, საპროცენტო განაკვეთის დერეფნის დადგენა, ლიკვიდობის პროგნოზირება, დედოლარიზაციის გამოცდილება, საგადახდო სისტემები და ციფრული ინოვაციები საგადახდო სერვისებში. ამ მიზნით იგეგმება შესაბამისი დისკუსიების გამართვა, ასევე, ერთობლივი სემინარებისა და კვლევების წარმოება ურთიერთშეთანხმებულ სფეროებში.” – წერია სებ-ის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმების მიზანი მხარეებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფაა და მემორანდუმი ეკონომიკურ-ფინანსურ მოვლენებზე მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლასაც ითვალისწინებს, მათ შორის ორივე მხარეს არსებული კანონებისა და რეგულაციების შესახებ.
კამბოჯის მედია Khmer Times-ი ყურადღებას სწორედ დედოლარიზაციაზე ამახვილებს და წერს, რომ ორი ქვეყანა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის გაღრმავებაზე შეთანხმდა.
როგორც მედია წერს, თურნავამ კამბოჯელ კოლეგას “გაუზიარა საქართველოში დოლარიზაციის შემცირების წარმატება ბოლო 10 წელში”, რაც “კამბოჯის ეროვნულ ბანკს შეიძლება ლოკალური ვალუტა რიელის უფრო ფართოდ გამოყენებაში დაეხმაროს”. ამას გარდა, Khmer Times-ი წერს, რომ თურნავამ სერეის სთხოვა, გაეზიარებინა გამოცდილება საგადასახადო სისტემების განვითარებაზე QR-კოდებისა და ტრანსსასაზღვრო გადახდების სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით.
ჩია სერეიმ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ “კამბოჯასა და საქართველოში მსგავსი სიტუაციაა, განსაკუთრებით დოლარიზაციის ფონზე” და ხაზი გაუსვა, რომ “საქართველომ დოლარიზაციის მაჩვენებელი 2015 წლიდან მოყოლებული 90%-დან 2024 წელს 45%-მდე შეამცირა”.