საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა “ერთა ლიგაზე” მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ ხუთშაბათს, 8 თებერვალს, პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, “ჯვაროსნები” B ლიგაში დაწინაურდა.
“ერთა ლიგა” მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია “ერთა ლიგის” მასშტაბით 6 გოლის ავტორია.
ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს
ეროვნულმა გუნდმა “ერთა ლიგაზე” დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს “გადაულოცა”. A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს ობიექტურად უფრო შეამცირებს.
19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი
წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე “ნიუკასლის” წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო “გავსინჯოთ”.
I კალათი: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;
II კალათი: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;
III კალათი: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;
IV კალათი: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.
ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.