„საქართველომ გაფლანგა დრო 2023 წლის დეკემბრიდან დღემდე“ – გერმანიის ელჩი

პეტერ ფიშერი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო ჩამორჩა „შავი ზღვის ტრიოს“ [“ასოცირების ტრიო”], რომელშიც ასევე უკრაინა და მოლდოვა შედიოდნენ.
„საქართველომ გაფლანგა მთელი დრო 2023 წლის დეკემბრიდან დღემდე – წელიწად-ნახევარი, ყოველგვარი პროგრესის გარეშე და ფაქტობრივად, საქართველო დისტანცირდება ევროკავშირისგან.
იქნებ უნდა გავიმეორო, რაც ადრეც მითქვამს საჯაროდ: თუკი ახალგაზრდა ქართველებს, სტუდენტებს ჰკითხავ რას ნიშნავს ევროკავშირი, ისინი გიპასუხებენ – დემოკრატიას, ღირებულებებს, საერთო ისტორიას, ქრისტიანობას. მე ვპასუხობ, რომ ეს ყველაფერი სწორია – ღირებულებები კარგია, მაგრამ მათ მივყავართ რაღაცისკენ – ღირებულებებს მივყავართ კანონთან. ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატმა ქვეყანამ უნდა (უნდა! – ეს არჩევანი არ არის და არც განსახილველი საკითხი) მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა, სრულად.
ევროკავშირი კანონისმიერი ერთობაა, რისი არსიც ის არის, რომ ჩვენ ყველას მსგავსი კანონმდებლობა გვაქვს. თუკი ევროკავშირში ხარ, ევროპული კანონმდებლობა შენი კანონმდებლობაა. თუკი ამას შეასრულებ, შეგიძლია გაწევრიანდე, თუკი ამას არ აკეთებ, ვერ გაწევრიანდები“, – აცხადებს გერმანიის ელჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
პეტერ ფიშერმა „პრობლემური“ უწოდა “ყველა სიტყვას” ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომელიც მას წამყვანმა ერთ ეპიზოდში შეახსენა. ირაკლი კობახიძემ, 27 ივნისს, სადავო პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ “ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან უსამართლო მიდგომის მიუხედავად”, “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის, გადადგას ყველა ნაბიჯი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციის ხელშესაწყობად, რათა “2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა”; ხოლო მანამდე, “”ქართული ოცნების“ მთავრობას სურს შეასრულოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 90% 2028 წლისთვის“.
„ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატის სტატუსი. ეს საუკეთესო შეთავაზებაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. გულუხვობისა და სიყვარულის სხვა რა ნიშანი გსურთ?! … „უსამართლო დამოკიდებულება“… და „ევროპული ბიუროკრატია“? ვისზეა ლაპარაკი? ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ წყვეტს ევროპული საბჭო. ესენი არიან 27 სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები. ისინი არჩეული უმაღლესი წარმომადგენლები არიან. ეს არ არის ბიუროკრატია…
ეს არც უსამართლოა და არც ბიუროკრატია წყვეტს. ევროსაბჭომ რამდენჯერმე წერილობით განაცხადა, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს პეტერ ფიშერი.
ასევე, მისი განმარტებით – „ასოცირების შეთანხმება და წევრობა ორი განსხვავებული რამ არის“ და ის „წევრობას არ შეეხება“.
„ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან, რომლებიც ვერასდროს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რადგან ამის სურვილი არ გამოუთქვამთ ან გეოგრაფიულად თუ ცივილიზაციურად არ არიან შესაფერისნი… თუ საქართველოს სურს მხოლოდ ასოცირების შეთანხმება, წევრობის გარეშე, გთხოვთ, გვითხრათ, რომ წევრობაზე ფიქრში ბევრი სამუშაო საათი აღარ დავკარგოთ…
2030 წელი ხუთ წელიწადშია. ერთ-ნახევარი წელი სრულიად ფუჭად დაიკარგა. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობების ფანჯრებზე, ისტორიულ შეხვედრის წერტილებზე, რომლებიც შეიძლება გაქრეს. არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება ხუთ წელიწადში. მაგრამ თუ საქართველო გულმოდგინედ იმუშავებს წევრობაზე – წევრობაზე! ევროკავშირის კანონმდებლობის მიღებაზე და სრულიად საპირისპიროს არ აკეთებდეს, მაშინაც 2030 წელი ძალიან, ძალიან ამბიციური იქნებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ნახევარი წელი და ის წლებიც კი, რაც ადრე იყო, ფუჭად დაიკარგა.“, – გერმანიის ელჩი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან კვლავ გრძელდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, მაგრამ მცდელობები ფუჭი იქნება, თუკი “[ევროკავშირის] სტანდარტების შესაბამისი, ნორმალური დემოკრატიული პროცესები არ წარიმართება საქართველოში”.
უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა 4 წლით, 2028 წლამდე გადადო. განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის ნოემბერში გამოაცხადა, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ საქართველო, მთელი რიგი ასპექტებით, მნიშვნელოვნად უსწრებს წინ არა თუ მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც.