თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს, ერთ-ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი შეუძლოდ გახდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შესვენება გამოაცხადა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ექიმებიც.
„მითხრა, თვალებში მიბნელდებაო. მოდის სასწრაფოც“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით ისარგებლა, მათ შორის ინსაფ ალიევის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატის მტკიცებით, ალიევის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ დევს.
„სახეზე უნდა იყოს ორგანიზებული ჯგუფი, ჯგუფის წევრებს შორის ნაცნობობა და ერთმანეთთან კავშირი. თუ ეს არ დასტურდება, მაშინ წარდგენილი კვალიფიკაცია სახეზე ვერ იქნება. არ დასტურდება მონაწილე პირთა ერთმანეთთან კავშირი, ნაცნობობა, დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებული ხასიათი, ფაქტი, რომ ისინი ვინმეს მითითებებს ასრულებდნენ. შესაბამისად, სახეზე ვერ იქნება ბრალად წარდგენილი ქმედება და სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს”, – განაცხადა აიჰან ჰასანლიმ.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




